2.1. მთავარი გზა
2.1. მთავარი გზა

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

2.2. მთავარი გზის დასასრული
2.2. მთავარი გზის დასასრული

გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

2.3. დაუთმე გზა
2.3. დაუთმე გზა

გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა­სა­კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

2.4. მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
2.4. მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია

უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ იგი არ არის – ნიშნის წინ). ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი

2.5. შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
2.5. შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა

უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან­სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ ან წინასწარ, 8.1.1 დაფით.

2.6. უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
2.6. უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან

ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.